ავტორიზაცია

ან
დაგავიწყდათ პაროლი?

რეგისტრაცია

"შატო სვანიძე" წარმოებას ოთხჯერ ზრდის

Feb 15, 2021

"შატო სვანიძე“ ღვინის წარმოებას ოთხჯერ ზრდის, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯისკენ ღვინოებზე გაზრდილმა მოთხოვნამ უბიძგა. კომპანია წელიწადში 20-25 ათას ბოთლ ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, კერძოდ ხუთი დასახელების პროდუქციას: საფერავს, მუკუზანს, რქაწითელს, რომელიც ევროპული და კახური მეთოდით მზადდება და მწვანე ქისს, რაც კომპანიის ახალი პროდუქტია. ღვინო პრემიუმსეგნეტზეა გათვლილი და მისი გასაყიდი ფასი 24-დან 100 ლარამდეა. პროდუქციის 70% ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი კი ექსპორტზე იყიდება.

,,ჩვენი ღვინო პრემიუმ ხარისხისაა, ამიტომ ის მხოლოდ ღვინის ბუტიკურ მაღაზიებში, საუკეთესო რესტორნებში და სასტუმროებში იყიდება, როგორიცაა: ,,8 ათასი მოსავალი“, ,,ვინომანია“, ,,რუმსი“, ,,ბარბარა“, ,,ვინოტელი“ და სხვა. მოთხოვნა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე იზრდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, ჰოლანდია, ბელარუსი, რუსეთი და აზებაიჯანი, ასევე ვაპირებთ ღვინის იაპონიაში და აშშ-ში გატანას. შესაბამისად, ვფიქრობთ ექსპორტის წილი ჩვენს გაყიდვებში 30%-დან 50%-მდე გაიზრდება“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

მისივე განმარტებით, საწარმოში ამჟამად 10 ცალი ორტონიანი ქვევრი აქვთ, სადაც ღვინოს ამზადებენ, წელს კი 40 ცალ ორტონიან ქვევრს ამატებენ, რაც კომპანიის წარმადობას 4-ჯერ გაზრდის და წელიწადში 80 ათასი ბოთლის წარმოებას შეძლებენ.

,,შატო სვანიძე“ სიღნაღის რაიონში, სოფელ მაშნარში მდებარეობს, ის არსებობის 150 წელს ითვლის. ღვინოს ძირითადად საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძნის მოსავლით ამზადებენ, რომელიც ბიოლოგიურად სუფთაა. დამზადების წესიც ძველი, ტრადიციულია.

,,ჩვენი შატო 150 წლის არის, ჯერ კიდევ პაპაჩემის დროს, როდესაც მოსკოვიდან კომისია ჩამოდიოდა, ჩვენს საწარმოში მოჰყავდათ ღვინის დასაგემოვნებლად.

ჩვენი ღვინის წარმატების საიდუმლო კი შემდეგშია: საერთოდ ღვინო ცოცხალი არსებაა, ის იბადება, ცოცხლობს და გარდაიცვლება. როდესაც გაზაფხულზე ვაზი იღვიძებს, მინის ჭურჭელში მოთავსებული ღვინო ისეთი აღშფოთებულია, რომ ის აუცილებლად უნდა გადაიღო სხვა ჭურჭელში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჭურჭელი გასკდეს კიდევაც. ეს ეხება ღვინოს, რომელიც არ არის გაფილტრული და ბოთლირებული, როდესაც გაიფილტრება და ბოთლში ჩამოისხმება, მერე გადაღება აღარ სჭირდება.

როდესაც რთველი გვაქვს და ყურძენს ვწურავთ, არავინ იძახის ცუდ სიტყვას, არავინ ჩხუბობს, ეს დღე ჩვენთვის დღესასწაულია და სიხარულით და სიყვარულით ვამზადებთ მას. ღვინო ამას გრძნობს, ასე დამზადებულ სასმელში სხვა ენერგეტიკაა. სიყვარულით დამზადებული ღვინო, ამ სიხარულს ისევ ჩვენს მომხმარებელს გადასცემს“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

 

https://bm.ge/ka/article/quotshato-svanidzequot-warmoebas-otxjer-zrdis/22667